06/05/2011

ქართული ინტერნეტ ტელევიზიები

  ტექნოლოგიური პროგრესი სულ უფრო და უფრო საფუძვლიანად იკიდებს ფეხს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჯერ იყო და რადიო გაჩნდა ჩვენს სახლებში, შემდეგ იყო ტელევიზორი და მაუწყებლობის ახალი ერა. დღეს უკვე სრულიად სხვა ეტაპზე ვართ - ინტერნეტმა აქამდე წარმოუდგენელი შესაძლებლობების "ფანჯარა" გაგვიხსნა. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ხვალინდელი დღე სწორედ ინტერნეტ ტელევიზიებს ეკუთვნის.

  საქართველოში ჯერაც ფართოდ არის გავრცელებული ტრადიციული სატელევიზიო მაუწყებლობა, თუმცა გარკვეული  წინსვლა ინტერნეტ ტელევიზიების განვითარების მხრივ მაინც შეინიშნება.

kolkha.org კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით შეიქმნა და ეთერში 2007 წლის ბოლოს გავიდა. ტელევიზია ლაზური დიალექტის გადარჩენის მიზნით, ლაზურ ენაზე ლაზებისთვის მაუწყებლობდა. ამ დროისთვის საიტზე განახლებები არ არის, როგორც ჩანს, ტელევიზია აქტიურად 2007-2008 წელს მუშაობდა. გარდა სიუჟეტებისა, საიტზე ლაზურ დიალექტზე თარგმნილი ფილმები და მუსიკაა განთავსებული.

gevision.tv ტელეკომპანია "იმედიდან" წამოსულმა ჟურნალისტებმა 2007 წლის 8 ნოემბერს შექმნეს. ტელევიზია ექსკლუზიურ მასალაზე იყო ორიენტირებული. საიტის ადმინისტრაციას 24 საათიანი მაუწყებლობის სურვილი ჰქონდა, თუმცა ტელევიზიამ მუშაობა  2009 წლის 28 დეკემბერს, უსახსრობის გამო, შეაჩერა.

itv.ge შეიძლება ითქვას, ყველაზე წარმატებული ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა. ის 2009 წლის 31 მარტიდან ფუნქციონირებს. itv.ge „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” ნაწილია, რომლის შემადგენლობაში შედის www.presa.ge და www.bp.ge.

tetrebi.org პირველი ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის. ის 2010 წლის 12 ოქტომბერს შეიქმნა თემურ შაშიაშვილის პარტიის "თეთრი მოძრაობის" მიერ. როგორც საიტზეა აღნიშნული, ტელევიზიის შექმნის მიზეზი ქვეყანაში არსებულმა სიტყვის თავისუფლების არქონა გახდა.

ტექნიკურად ინტერნეტ-მაუწყებლობის გასახორციელებლად  საკმარისია მძლავრი სერვერი, დიდი გამტარუნარიანობის შეერთება ლოკალურ და გლობალურ ქსელთან  და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა მედიასტრიმინგის უზრუნველსაყოფად. ხოლო ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტ ტელევიზიის ორგანიზებასთან, პირდაპირპროპორციულია იმ რიცხვისა, რომელიც განსაზღვრავს ერთდროული მომხმარებლების რაოდენობას.

No comments:

Post a Comment